თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა.
საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ის სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები.
სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.