BBC-ის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს, „თავდასხმის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაფიქსირდა აფეთქებები და რუსეთის მიერ „დანიშნული“ „ხელმძღვანელი“ უკრაინის „ტერორისტულ რეჟიმს“ ადანაშაულებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ BBC-ს რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ თავდასხმის უკან დგას.
BBC-ის თანახმად, ხიდზე გზის მონაკვეთი დაკეტილია, მაგრამ რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლები მოძრაობენ.
ამასთან, უკრაინული გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინაც" წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. მათი წყაროების ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა, მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია, მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა.“
შეგახსენებთ, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერსაც მოხდა, რამაც ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და სარკინიგზო ნაწილზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხვა.
ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.