კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა ამოიწურა და ის არ გახანგრძლივებულა
პესკოვის თქმით, მას შემდეგ რაც შეთანხმების მოსკოვის ნაწილი შესრულდება, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას.
პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის პოზიცია „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ 17 ივლისს, „ყირიმის ხიდზე თავდასხმამდე იყო გამოცხადებული და ინციდენტი ამ საკითხზე გავლენას არ მოახდენს.“
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 14 ივლისს ამბობდა, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებაზე პუტინთან შეთანხმდა.
„მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - აცხადებდა ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით.
რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა.
იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.