პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული

პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

რადი თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება შესულია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები.

ადგილობრივმა მედიამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია ბიტომის ქალაქის პარკში არსებულ აუზზე მომხდარ ინციდენტზე. მოგვიანებით ქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ.


ბიტომის მერიის თანახმად, ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან. გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლის კაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც.

აუზის დაცვის თანამშრომლებმა კაცი და მისი თანმხლები სამი ადამიანი დააკავეს და პოლიციას შეატყობინეს.

ბიტომის მერიის განცხადებით, მათი დაკავების შემდეგ, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, მომხდარის გასაპროტესტებლად შეგროვდა ხალხის დიდი რაოდენობა. ისინი ეჭვმიტანილების დასჯას მოითხოვდნენ. პოლიციას მათთან გასამკლავებლად ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. 18 დან 55 წლამდე ასაკის ოთხივე დაკავებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება. პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალს დღეს, 17 ივლისს, წარუდგენენ.