რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს

რუსმა მწერალმა, პუბლიცისტმა და სატირიკოსმა ვიქტორ შენდეროვიჩმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამართლებრივი დავა მან საქართველოში არშემოშვების გამო დაიწყო.

რუსი მწერლის ადვოკატის, მარია არხიპოვას განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მანამდე ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, ის ფაქტიც, რომ დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზების ახსნის გარეშე არ შემომიშვა ქვეყანაში, რის გამოც თბილისსა და ბათუმში ჩემი ორი გამოსვლა ჩაიშალა. გადავწყვიტე, რომ ამ შეცდომის გამოსასწორებლად პატივცემულ საქართველოს სახელმწიფოს მეორე შანსი მივცე - და შევიტანე სარჩელი“, - განაცხადა სოციალურ ქსელების მეშვეობით ვიქტორ შენდეროვიჩმა.


შენდეროვიჩი პირველ ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ზონიდან უკან დააბრუნეს, ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა.

ვიკტორ შენდეროვიჩი, რომელიც იქამდე საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული.

მწერალი რუსეთში აღარ ცხოვრობს. ის ქვეყნიდან წასვლას ევგენი პრიგოჟინის დევნით ხსნიდა. შენდეროვიჩმა პრიგოჟინს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა. გასული წლის 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს ევგენი პრიგოჟინის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური) სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო, 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა.