თავდაცვის მინისტრი: ბოლო დეკადების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც შეიარაღების შეძენის მიმართულებით, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო

თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა,“ - ამბობს ბურჭულაძე.

„ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ.

ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც.


თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.

„ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცის სამინისტრო,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედთან.“


როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.