NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა.

ორკვირიან სწავლებას NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა. დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია NATO-ს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის ყველა სწავლებაში.