საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ეს მოცემულობა ცვალებადია და ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული ამ სიაში
„ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი.
ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან ხანდახან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება.
მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენ გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა.
ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკური ან სტატისტიკურ მიზეზებს.
მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნას რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა ქართულ სატელევიზიო არხებთან ინტერვიუში.
ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, ასევე მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.