იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ რომის კოლიზეუმის ბილეთების ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, კოლიზეუმი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.
მაგრამ ტურისტები ჩივიან, რომ ხშირად შეუძლებელია ყოველდღიური ბილეთების პოვნა, რადგან მსხვილი ტურისტული კომპანიები მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე რამდენიმე კვირით ადრე ყიდულობენ და ბევრად უფრო ძვირადღირებულ ტურებს აწყობენ. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა განმარტა, რომ ბილეთებს ავტომატური შესყიდვების სისტემების საშუალებით მასობრივად ყიდულობდნენ.
ბილეთი ჩვეულებრივ 18 ევრო ღირს ($20), მაგრამ სამშაბათს ოფიციალურმა ვებგვერდმა აჩვენა, რომ სულ რაღაც სამი ადგილი იყო დარჩენილი 7 აგვისტომდე. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი კომპანიების ვებგვერდები მომხმარებლებს უამრავ ტურს 37,50-74,00 ევროს ფარგლებში სთავაზობდნენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, Codacons-ის ხელმძღვანელმა, კარლო რიენციმ განაცხადა, რომ „მეორადი ბილეთების გაყიდვა“ იტალიას მილიონობით ევრო უჯდება.
„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებსაც შეუძლიათ არამხოლოდ მეორადი ბილეთების დაბლოკვა, არამედ, ძალიან მძიმე ჯარიმების დაწესება ამ ვებგვერდებზე,“ - განაცხადა რიენზიმ.
ანტიმონოპოლიური სამსახური რამდენიმე კომპანიის საკითხს სწავლობს.
2000 წლის წინ აშენებული კოლიზეუმი რომის იმპერიის უდიდესი ამფითეატრი იყო.