უკრაინის საგარეო უწყება: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში.

„გადაწყვეტილება“ ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთოხების და ჰუმანიტარული კუთხით როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში.

რუსეთი ახდენს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და „თამაშობს“ ადამიანების ბედით, ფაქტიურად მძევლად ჰყავს ისინი აყვანილი, რათა ემსახურონ მის დანაშაულებრივ პოლიტიკურ მიზნებს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და ის პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

უკრაინა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე.

მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.