პოლონეთის საგარეო უწყება, სააკაშვილთან პოლონელი „ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე“ განცხადებას ავრცელებს

„ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - შესაბამის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
 
პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში.
 
თბილისში, ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.
 
ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.
 
  • პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.
პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას,“ - წერია განცხადებაში.

12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, მისივე განცხადებით, ასახულია კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი, სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას ცდილობდა.