ევროპარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს.
წერილის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მძლავრად დაიგმოს LGBTIQ-ის საწინააღმდეგო ძალადობრივი თავდასხმა თბილისში, შაბათს, 8 ივლისს. მათი შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც ფუნდამენტური უფლებებია.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდზე ამგვარი თავდასხმები აშკარად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც დემოკრატიის არსებითი კომპონენტებია და რომლებიც უნდა დაიცვას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ყველა ქვეყანამ.
„საჭირო გახდა ყოველწლიური LGBTIQ Pride ღონისძიების გაუქმება და ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ასობით ძალადობრივი მონაწილე თავს დაესხა ფესტივალის ადგილს 8 ივლისს.
საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და უშიშროება მონაწილეებს და ორგანიზატორებს მყისიერი საფრთხე შეუქმნა. LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრანტების კავშირები ულტრამემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსთან ძალიან შემაშფოთებელია," - წერია წერილში.