საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან.
საგარეო უწყების თანახმად, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.
„აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში.
მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას.
მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.
ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად შეფასდა შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები.
შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის.
დადებითად შეაფასეს მხარეთა შორის არსებული მჭიდრო მაღალი დონის კონტაქტები და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ვარჰეის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნება, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.
„ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება,” - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.