უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე.
ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა.
„ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. ოდესაზე წუხელ, ზედიზედ მესამე თავდასხმა იყო.