რეიკიავიკმა რუსეთის საგარეო უწყებას ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩო მუშაობას აჩერებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქმეთა დროებითი რწმუნებული რეიკიავიკიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.

მედიაში 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს.


ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი.

ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე.

„მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია," ნათქვამი იყო ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტორდის გილფადოტირი აღნიშნავდა, 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა.


მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა.

„მაგრამ ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განმარტა გილფადოტირმა.

რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს.