„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა 20 ივლისს, „რედისონში“ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.


„კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს.

ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


„დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა 20 ივლისს განაცხადა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა „საჭირო და საინტერესო იყო“.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.