"გირჩის" და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, პარტიული ლიდერები "ევროპულ საქართველოშიც" იცვლებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერები, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ. ბაქრაძისგან და უგულავასგან განსხვავებით, ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს,

როგორც დღეს ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიის მომავალ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავის თავს აღარ დააყენებს.

2020 წლის არჩევენების შემდეგ, "ევროპული საქართველო" არ არის პირველი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარტიულმა ლიდერებმა დატოვეს. ასევე "ნაციონალური მოძრაობაც" დატოვა პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. ზურა ჯაფარიძე კი "გირჩს" გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. "ლელო" დატოვა ლევან კობერიძემ. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალებმა" ახალი კადრები წარადგინეს. ბოლო დღეებში საუბარი მდიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილებაზე.

ბაქრაძის თქმით, პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობისა და პარტიის განახლების მოტივით მიიღო.

"მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და გზას ვუთმობ ახალგაზრდებს... მე არ მიმაჩნია სწორი ზოგი ლიდერის წასვლა და ზოგის დარჩენა. მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლაგმანიდან. ჩემი შესვლა პარლამენტში შესვლა არ განიხილება. პარტიულ თანამდებობას ტოვებს გიგი უგულავაც, თუმცა მესამე ლიდერი, გიგა ბოკერია რჩება", - განაცხადა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად, არც თავად დაიკავებს პარტიულ თანამდებობას.

"მე კი არ მივდივარ, ვადა გასდის ჩემს თანამდებობას და აღარ დავაყენებ", - თქვა უგულავამ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, ის არა მხოლოდ "ევროპულ საქართველოს" პოლიტიკასაც საბოლოოდ ტოვებს.

დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე მისი შექმნის დღიდან არის. პარტია 2016 წელს ჩატარებული არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფის შემდეგ შეიქმნა.

ევროპული საქართველოს" წევრი, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არასწორია და მან "შეცდომა დაუშვა.

გოკა გაბაშვილის თქმით, ყველა იმ გაყალბებისა და მანიპულაციებისაგან დამოუკიდებლად, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის შედეგებიდან გამომდინარე, ლიდერშიფს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და პარტიის მართვასა და თანამდებობებს ჩამოშორებოდნენ.გაბაშვილის აზრით ეს პასუხისმგებლობა გიგა ბოკერიასაც უნდა აეღო.

"გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება, აქტიური პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არასწორია და მან შეცდომა დაუშვა. მე ვთვლი, რომ არასწორი, მაგრამ მისი საქმეა და მისი არჩევანია", - აცხადებს გაბაშვილი.

გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდით უნდა გაიწიონ. პარტიის ლიდერის შეფასებით, ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ დაეხმარონ პარტიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი.

გიგი უგულავას თქმით, პარტიული თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის პოლიტიკაში აქტიურად რჩება.

"აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, კულტივირებაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და, საერთოდ ამ, მათ შორის, დაპირისპირების შემთხვევაში რამენაირად მაგიდის მომრგვალებაში", - აცხადებს გიგი უგულავა.

ევროპული საქართველოს წევრის გიგი წერეთლის თქმით, პარტიის ლიდერთა დისტანცირება ხდება არა პარტიისაგან, არამედ პარტიის მართვისგან. წერეთელს მიაჩნია, რომ თუკი განახლებაზეა საუბარი, შესაძლებელია პარტიაში ახალი ლიდერები მივიდნენ, ვინც პარტიის მართვას განახორციელებენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება მეორეს აძლიერებს.

მისი თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში ბევრი არასასიამოვნო რამ მოხდა რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს.

"ევროპულ საქართველოში" მომხდარ ცვლილებეს "ქართული ოცნების" წრმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოში“ ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ სააკაშვილის ტყვეობაში არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვითომ გაიყო ორად, რეალურად, ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში. ამიტომ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.