რას ამბობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება”, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს.

„ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე.

ორი „ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რაც „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული აქვს, ასევე, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს,“- განაცხადა კალაძემ.


მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად, ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა.“

თეა წულუკიანის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს გაძლიერებას.

„ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს,“ - განაცხადა წულუკიანმა.