FSB-ის ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი იგორ სტრელკოვი დააკავეს. რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, ახლა სტრელკოვის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
სტრელკოვის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა მისი მეუღლის შეტყობინება, რომლის თანახმად, დაკავებულს „ექსტრემიზმში" ადანაშაულებენ.
„მეგობრებისგან გავარკვიე, რომ ჩემს ქმარს ბრალი წაუყენეს 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი). მე არაფერი ვიცი ჩემი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ,“ - ამბობს მიროსლავა რეგინსკაია.
2022 წლის ნოემბერში, ნიდერლანდების სასამართლომ სტრელკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოგდების საქმეზე.
გასული წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის.
სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.