ახალგაზრდას, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციას ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს.  შემთხვევა თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

ლაშა ჟღენტი ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის გასაჩხრეკად ძმასთან ერთად სახლის სიახლოვეს გააჩერეს.

„მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, - ამბობს ის „მთავარ არხთან.“

პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი ძმაც, ლუკა ჟღენტი.

ახალგაზრდების დედამ სოციალუ ქსელში დაწერა, რომ მომხდარის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბიჭების 76 წლის ბებიას, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობრივ ქმედებას შეესწრო.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ - ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 160-ზე მეტ შემთხვევაში.