რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.


ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.


რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა.

"მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი",- განაცხადა არჩვაძემ.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.