აშშ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

აშშ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Newyorktimes-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობის მსოფლიო ტერორისტულ გაერთიანებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს.

ბლინკენის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება იემენში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობით არის განპირობებული.

მისი თქმით, ტერორიზმი საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას. იემენში სურსათის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია და ჰუთები აკონტროლებენ სტრატეგიულ პორტებს, ისევე როგორც ქვეყნის დედაქალაქ სანას.

აღნიშნული გადაწყვეტილება 16 თებერვალს შევა ძალაში.

ბლინკენის ნაბიჯი მიმართულია მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისა და იემენში სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებისკენ.

ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს აღნიშნული დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.