ალიევი: წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება.

ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.

„შესწავლითი სამუშოა უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია ალბათ სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება,“ – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, „გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ.“


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.