აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც მარტში უკან გაიწვიეს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან. ელჩმა ამის შესახებ მედიის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.
ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს.
შეგვიძლია, რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა.
ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ.
აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. ამერიკის საელჩომ განცხადებაში მიუთითა რომ ეს „საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო. საბოლოოდ, ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ჩააგდო.