ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია - უკრაინული მედია

ოკუოპირებულ ყირიმში აფეთქებები დაფიქსირდა, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრასნოგვარდეისკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებაც.

აფეთქებებია აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის ჯარმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ყირიმის რესპუბლიკის“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა.

„შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა აქსიონოვმა.

ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია. 17 ივლისს ხიდზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გზის ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა. 


ასევე წაიკითხეთ:

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.