ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის საკითხის გადახედვას გეგმავს და თანამდებობის დატოვებამდე მის დახურვას აპირებს. ამის შესახებ ინცორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის თანაშემწეებმა საკითხის ოფიციალური განხილვა უკვე დაიწყეს. ისინი ბაიდენის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულების უახლოეს კვირებსა თუ თვეებში ხელმოწერას განიხილავენ.
საკითხზე კომენტარი თეთრმა სახლმაც გააკეთა.
კითხვაზე, დახურავს თუ არა ბაიდენმა გუანტანამოს მაღალი უსაფრთხოების ციხეს, სანამ მისი პრეზიდენტობა დასრულდება, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა: ”ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და განზრახვა”.
ცნობისთვის, გუანტანამოს ციხე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობენ, ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. ამჟამად იქ 40 პატიმარი იმყოფება.