საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ.
„თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება. მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, შეგვიძლია, სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება, არასდროს მოხდეს,“ - ამბობს წილოსანი.
ინტერნეტგამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება.
„ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში.
არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა „ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს.
ცნობისთვის, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.