ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული, გირაოთი გაათავისუფლეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის დაკავებული პირი გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

მას ამ დრომდე ღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.


„მოინანია ჩადენილი, მეტიც, სადმე რომ შეხვდეს ჯაფარიძეს, ხელსაც ჩამოართმევს და ბოდიშსაც მოუხდის," - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს გორში, „სმარტთან“ 17 ივნისს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.