ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა "ჰერიომ" საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები. ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა.
როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, დღეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა,“ - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.
მან ამავე გამოსვალში გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
„თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს.
ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქყვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემფატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.“
ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ერვოპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას. კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა.
მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება,“ - განაცხადა პლენკოვიჩმა.
„ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე.
იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება.
ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას. აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა“, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად“, - განაცხადა პლენკოვიჩმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
„ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი. პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელით.
მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. დაბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაში, რომელიც ზაგრებში დაიდებს ბინას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმი. ამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ, მადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.