ვენდი შერმანი თანამდებობას ტოვებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა სამთავრობო სამსახურის დატოვების შესახებ მაისში განაცხადა. ის მოვალეობას 28 ივლისამდე ასრულებს.

სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შერმანის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს, ვიდრე ახალი კადრი დაინიშნება.


ვენდი შერმანს აშშ-ის ადმინისტრაციაში სამ პრეზიდენტთან და ხუთ სახელმწიფო მდივანთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ბლინკენმა მის ღვაწლს გაუსვა ხაზი და შერმანს „შესანიშნავი საქმიანობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ნულანდთან დაკავშირებით კი, აღნიშნა: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მისი გამოცდილების და უნარების ადამიანი, დეპარტამენტისადმი ერთგულებით, რომელიც ამ დამატებით პასუხისმგებლობას აიღებს.“

ნულანდი ამ ახალი როლის შეთავსების გარდა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის (პოლიტიკის საკითხებში) პოზიციაზე მუშაობს.