14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 23 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.

დაკავებულს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად.

სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას აპირებს:

ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შავაძის განცხადებით, არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი, არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი..

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.