რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ის „აანალიზებს ამ ჯაშუშური მოქმედებების ხასიათსა და მასშტაბებს, მათ შორის გამოძიებაში დასახელებული პირების საქმიანობას, რათა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.
„აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მოლდოვის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“- ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოლდოვა რუსეთის ელჩისგან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს. სამინისტრომ განარტა, რომ ხელისუფლება რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ.
აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.