გაერომ განაცხადა, რომ რუსეთის ცნობები 2022 წლის ივლისში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ, მტკიცებულებებით არ არის გამყარებული.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დასკვნით, უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ოლენივკის კოლონიაში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილის მიზეზი სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განხორციელებული შეტევა ვერ იქნებოდა, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს.
მანამდე CNN-ის ვრცელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსული დეზინფომრაცია იმის შესახებ, რომ ბანაკს უკრაინულმა HIMARS-ის რაკეტით დაარტყეს, სიცრუეა. რუსეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს აფთქების ადგილის გამოკვლევის საშუალება არ მისცა, თუმცა გადარჩენილი სამხედროების გამოკითხვის და არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ აფეთქება არ იყო გამოწვეული HIMARS-ის რაკეტით. არასაკმარისი მასალების გამო, რეალური მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
2022 წლის მაისში, ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის პოლკ „აზოვის“ მებრძოლები ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის შენობაში გადაიყვანეს. 29 ივლისს აფეთქების შემდეგ, რუსეთი აცხადებდა, რომ შენობა უკრაინის არმიის სამხედროებმა აშშ-სგან მიღებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ით ააფეთქეს, რათა „აზოვის“ მებრძოლებს არ ეღიარებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. კიევმა კოლონიის განზრახ აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ფოლკერ ტურკის განცხადებით, ოლენივკაში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო ტყვეები და მათი ოჯახები იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე იცოდნენ და პასუხი აგოს ყველამ, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
29 ივლისს ერთი წელი სრულდება ოლენივკაში სულ მცირე 54 უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან.