აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ, „რუსეთ-აფხაზური“ „შეთანხმების“ „რატიფიცირება“ მოახდინეს.
„შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი 30-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა.
ე.წ. ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, იუწყება სააგენტო Apsnypress.
ე.წ. დეპუტატების განმარტებით, ე.წ. ხელშეკრულების ვადა 49 წელი, „ინვესტორისთვის“ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კი, 25 წლამდეა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.