საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს.
„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.
ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.
დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმდენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები,“ - წერს საელჩო და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
„ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს ( +306952220000), რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს,“ - აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.