ახალი განვითარების ბანკი (NDB), რომელიც BRICS-ის ქვეყნების მიერ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნა, რუსეთში ინვესტირებას არ განახორციელებს.
ამის შესახებ განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა, დილმა რუსეფმა, რომელიც 2011-2016 წლებში ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
მან უსაფუძვლო უწოდა ვარაუდებს, რომ ბანკმა შესაძლოა, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მომავალ თვეში დაგეგმილია აფრიკის ქვეყანაში შეკრება, რომელსაც პუტინი არ დაესწრება.
BRICS ჯგუფმა ბანკი, რომლის სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს, 2015 წელს გახსნა. რუსეფი მის ხელმძღვანელად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამ წლის დასაწყისში დანიშნა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვი მძიმე სანქციების ქვეშაა.