რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ხარჩილავა და ნინო ნაჭყებია იმ მოსამართლეებს შორის არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეგიდით, ქალაქ ბალტიმორში 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
მედია წერს, რომ ხათუნა ხარჩილავამ და ნინო ნაჭყებიამ შარშან სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი, მას შემდეგ განაცხადეს, რაც იმავე პროგრამიდან მოიხსნა ლაშა ჩხიკვაძე.
იმ დროს „სოლიდარულ” მოსამართლეებს შორის ხათუნა ხარჩილავასა და ნინო ნაჭყებიას გარდა, ასევე იყვნენ მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი.
ჩხიკვაძისადმი მოსამართლეების მიერ სოლიდარობის გამოცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც მან განაცხადა: „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი".
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა იმასაც, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს."
რამდენიმე მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე 2023 წელსაც განაცხადა უარი. ამჯერად მიზეზი 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. სავიზო სანქციები დაუწესეს საქართველოს სამი მოქმედ და ერთ ყოფილი მოსამართლეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.