აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თეთრ სახლში მიიღო. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს.
„ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საკითხში პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ,“ - აღნიშნა მელონიმ.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, „ტრანსატლანტიკური პარტნიორობა არის საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედი და იტალიის ჯარები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.“
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებზეც. ჯო ბაიდენის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის.