უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.
„აქ, ფერისცვალების ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, იგრძნობა, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ ვეძებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა დავიცვათ ოდესა, მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც უკვე შეუერთდა ამ საქმეს ჩვენთან ერთად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფერიცვალების ტაძრის აღდგენის შესაძლებლობის შესაფასებლად არქიტექტურის ექსპერტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.