საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგენი იქნება. ახალი ელჩი კელი დეგნანს შეცლის.
რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა.
2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე დანიგენი მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.
ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.
რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.
საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად.
კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.