NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა „Globe-Mail-ი“ პოლონელი და კანადელი ოფიციალური პირების კომენტარებზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ ტექნიკური დაწესებულება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობით,“ განაცხადა კანადელმა წარმომადგენელმა.
კანადური გაზეთის თანახმად, ცენტრის მთავარი მიზანი უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შეკეთება იქნება.
ჟეშოვის მერმა კონრად ფიოლეკმა 13 ივნისს განუცხადა პოლონურ გაზეთ Gazeta Wyborcza-ს, რომ NATO ქალაქთან ახლოს განათავსებს მუდმივ ბაზას, სადაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ჯარები მუდმივად განლაგდებიან.
ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა.
ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა.
ვარშავამ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა.
პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში.
ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, პოლონეთი NATO-ს სხვა აღმოსავლელ ფლანგელებთან ერთად, აქტიურად ითხოვდა ევროპის ამ ნაწილის გაძლიერებას. ვარშავა ბელორუსთან საზღვარს ამაგრებს. ცნობილია, რომ NATO-მ მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300 000-მდე გაზარდა.