საბერძნეთი მოლდოვაში, კიშინიოვში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ მოლდოვის ელჩმა ათენში, ანდრეი პოპოვმა განაცხადა. მოლდოვური მედიის ცნობით, ელჩი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კონსტანტინოს ფრაგოგიანისს შეხვდა.
„განვიხილეთ ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე შეთანხმებული საკითხები. კერძოდ, მადლობა გადავუხადე საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის კიშინიოვში საელჩოს გახსნის თაობაზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, ორმხრივი პარტნიორობის წინსვლას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა პოპოვმა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ განხილვის შემდეგი მნიშვნელოვანი თემა იქნება კიშინიოვსა და ათენს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. ამჟამად მოლდოვისა და საბერძნეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ბუქარესტში განთავსებული საელჩო უზრუნველყოფს.