ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური ვებსაიტის მიერ გავრცელებულ ცხრილში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ იტალიას, საფრანგეთს, ისრაელს, ხორვატიასა და საბერძნეთს ჩამორჩება და უსწრებს ისეთ ძლიერ ნაკრებებს, როგორებიცაა სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ლიტვა, თურქეთი და გერმანია.
„ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილამდე აღზევდა. ეს გახლავთ ფიბას საკალათბურთო ექსპერტების მიერ შედგენილი კლასიფიკაცია იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც კონკრეტული ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციოში აჩვენებს. საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციოში აქამდე გამართული ოთხივე შეხვედრა მოიგო და აღმასვლას განაგრძობს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა წინა კლასიფიკაციის, ანუ ნოემბრის შემდეგ 6 საფეხურით წაიწია წინ. საქართველოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ისრაელმა აჩვენა, რომელიც 8 პოზიციით დაწინაურდა“, - ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრები წინა რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იყო. ერთბაშად ექვსსაფეხურიანი აღმასვლის მთავარი მიზეზი კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებული თამაშია - ოთხი მოგება ოთხი ტურის შემდეგ და ლიდერის პოზიცია ჯგუფში, სადაც საქართველოს მეტოქეები სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია არიან.
ქართველი კალათბურთელები ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩს თბილისში გამართავენ. 19 თებერვალს სერბეთის, ხოლო 21 თებერვალს ფინეთის წინააღმდეგ.