განახლება: საკრუიზო ლაინერი დაახლოებით 05:00 საათზე, პროტესტის ფონზე შემოვიდა
პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვა.
მანამდე კი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" პირდაპირი ეთერის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ადგილზე, პორტის სიახლოვეს შეიკრიბნენ. ისინი საკრუიზო გემის დახვედრას საპროტესტო აქციით გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, თითქმის ყველა ის მონაკვეთი ჩაკეტა ბარიკადებით, საიდანაც ნავმისადგომთან მიახლოება შეიძლებოდა. აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ახლა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი, ამბობენ, რომ „სოჭიდან წამოსულ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმში უნდა შევიდეს, ტურისტებთან ერთად, პუტინისა და ომის მომხრე მომღერლები და არტისტები არიან. განმარტავენ, რომ სწორედ ეს იწვევს მათ აღშფოთებას.“
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების დაკავების შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი - Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.