საპარლამენტო უმრავლესობა 16 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის. ეს გადაწყვეტილება დღეს უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რის შესახებაც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად არის და კიდევ რამდენიმე დღე რჩება, კარგად გაიაზროს გადაწყვეტილება.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნიკა მელიას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.
„ჩვენ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვლის, რომ მის წინააღდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური დევნაა და უაკნონოდ მიაჩნია, ამიტომ პროტესტის ნიშნად, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.
„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, ამ ფარსში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.
.