აშშ-ის პოზიცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა ტიპის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, აშშ კი, კვლავ დარჩება საქართველოს მხარდამჭერად.

ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ საერთაშორისო შეჯიბრზე იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა გამოდის ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივიდან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის.

ასე რომ, თუ საქართველო გადაწყვეტს, კვლავ იყოს ამ ინიციტივის ნაწილი, იმედს ვიტოვებ, ეს ქვეყანას კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას ისე, როგორც გასული 30 წლის განმავლობაში და ეს ის პარტნიორობაა, რამაც ნამდვილად მოიტანა ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის,“- განუცხადა ელჩმა მედიას.


ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი-  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.