საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები აქციის ფონზე გააცილეს

ბათუმში, სადაც დღეს საკრუიზო ლაინერმა - ASTORIA GRANDE რუსეთის მოქალაქეები შემოიყვანა, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია განახლდა. აქციას შეუერთდნენ უკრაინის მოქალაქეებიც და უკრაინის დროშები გაშალეს.

ბათუმში, პროტესტის მონაწილეებმა გამოფინეს სლოგანები და მოუწოდებენ ლაინერის მგზავრებს, ტერიტორია დატოვონ.

აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი - საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.


„რუსეთი მტერია და არა სტუმარი,” - ამ ლოზუნგით კი საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

მათი თქმით, დღევანდელი პროტესტი არის სოლიდარობის აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ბათუმში დააკავეს.

„დღეს შევიკრიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ბათუმელ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ვინც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტა, მხოლოდ ბათუმში არ ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. დღეს ჩვენი შეკრების მიზანია, ადამიანებს გავაგონოთ ხმა, რომ მთელ საქართველოშია პრობლემა. თითქოს სტუმრები არიან, რეალურად რუსეთი საქართველოს მტერია და არა სტუმარი,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ.
 
პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვიდა.
განახლება - ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა.