მოლდოვამ მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება

მოლდოვის პარლამენტმა დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება.

დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, უკრაინის მთავრობა ხიდის ტექნიკურ პროექტს, მის მშენებლობას და საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას დააფინანსებს. მოლდოვის მთავრობა კი, საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობას უზრუნველყოფს.


მოლდოვის სახელმწიფო საგზაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 641 მეტრი იქნება და მას ორი სატრანსპორტო ზოლი, უსაფრთხოების ორი ზოლი, ველოსიპედის ორი ბილიკი, ორი საცალფეხო ბილიკი და უკრაინის მხარეს დაახლოებით 667-მეტრიანი ესტაკადა ექნება.

კიევმა იმედი გამოთქვა, რომ ხიდი გახდება მთავარი სატრანსპორტო დერეფანი კიევსა და კიშინეუს შორის და დაეხმარება უკრაინიდან ექსპორტს უმოკლესი მარშრუტით – უკრაინის ცენტრიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებამდე, დნესტრისპირეთის გვერდის ავლით.

ხიდის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წელს იგეგმება.