„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებდნენ, აქციას საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია ორი ადამიანი, მიზეზი კი კახა კალაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერებმა პარტიის ოფისი დატოვეს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონა“, რის შემდეგაც პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებიდან ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები შეხვედრას მართავდნენ. როგორც მისი დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.