„2020 წელს გაცილებით მეტი ძალისხმევა [რუსეთის მხრიდან] მიმართული იყო იმაზე, რომ [ამერიკის] საზოგადოება დაეყოთ, პოლარიზაცია შემოეტანათ უკვე არსებული თემების გარშემო და ახალი თემები აღარ შემოეტანათ [დასაპირისპირებლად]“,- ამბობს მარია სნეგოვაია, „ატლანტიკური საბჭოს“ არარეზიდენტი წევრი და რუსეთის ამერიკაში გავლენების შესახებ, უახლესი კვლევის ავტორი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
სნეგოვაიას განცხადებით, რუსეთმა გადაწყვიტა უფრო ჭკვიანურად მოიქცეს და უკვე არსებული პრობლემების გაღრმავება არა ახალი ტროლებითა და ბოტების მეშვეობით, არამედ, თავად ამერიკული ხმების გამოყენებით მოახდინოს.
„ისინი ონლაინ ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას ამერიკელი მოქალაქეების დაქირავებით, რომლებმაც არ იციან, რეალურად, რა მიზანს ემსახურებიან“, - ამბობს სნეგოვაია.
მკვლევარი ამბობს, რომ ბოტებისა და ტროლების, ასევე, მათი მიმდევრების რიცხვი, საგრძნობლადაა შემცირებული. რაც ამერიკის ეფექტურ სტრატეგიასა და სადაზვერვო სამსახურების კარგ მუშაობაზე მიუთითებს. თუმცა, ისინი, ვინც ონლაინ სივრცეში დარჩნენ, ადაპტირდებიან და ვითარდებიან, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, რომ თავი ამერიკელებად წარმოაჩინონ, აკოპირებენ და იყენებენ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების ტექსტებს და ასე ცდილობენ შეინიღბონ.
მარია სნეგოვაია, რომელიც უკვე წლებია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სწავლობს, ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ახალი ტრენდები გამოვლინდა რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგიებში. მათ მოუწიათ სტრატეგიის შეცვლა, ვინაიდან სოციალური მედიები და ამერიკის მთავრობა ეფექტურად მუშაობენ. „ის რაც 2016 წელს იყო რეალური საფრთხე, 2020 წელს მხოლოდ შიშად იქცა, ასე რომ, სიტუაცია ამ მხრივ უმჯობესდება“, - ამბობს ის.